სამედიცინო ტურიზმზე

სამედიცინო ტურიზმზე

სამედიცინო ტურიზმი არ არის ახალი ფენომენი. ადამიანები უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ცნობილი იყო ადგილები, სადაც ამა თუ იმ დაავადებას მკურნალობდნენ: იქნებოდა ეს სახელგანთქმული მკურნალები თუ ბუნებრივი გამაჯანსაღებელი წყაროები. არქეოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში უძველესი მესოპოტამიელები მოგზაურობდნენ სირიაში ქალაქ თელ ბრაკში მკურნალობის ღმერთების ტაძარში თვალის დაავადებათა მოსარჩენად. რამოდენიმე ათასი წლის შემდგომ ძველი ბერძნები და რომაელები იმოგზაურებენ ხან ფეხით, ხანაც გემებით მთელს ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე პირველყოფილ სპა ცენტრებში. ე.წ. ასკლეპიის ტაძრები, რომლების აშენდა ბერძნული მედიცინის ღმერთის საპატივცემულოდ, წარმოადგენდნენ მსოფლიოს პირველ სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც არაერთი პილიგრიმი სტუმრობდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ასკლეპია გამოეცხადებოდათ სიზმრებში და მკურნალობას დაუნიშნავდათ.

თანამედროვე სამედიცინო ტურიზმი რა თქმა უნდა განსხვავებულია. მისი დეფინიცია ასეთია: ეს არის პროცესი, რომლის დროსაც პაციენტები მიემგზავრებიან სხვა დანიშნულების ადგილებში სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. არსებობს ლოკალური, რეგიონალური და გლობალური სამედიცინო ტურიზმის ტიპები. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები იღებენ მომსახურებას დისტანციურად ტელემედიცინის მეშვეობით და ესეც სამედიცინო ტურიზმის სახეობაა. არსებობს საგანმანათლებლო სამედიცინო ტურიზმი, როდესაც სამედიცინო პერსონალი მოგზაურობს კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკისა და სხვა მიზნით.
თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს 3 ძირითადი ფაქტორის ზემოქმედება, ესენია: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ფასი. არსებობს ამ ფაქტორების მზარდი დისბალანსი მსოფლიოში, რაც წარმოშობს მოთხოვნას თითოელ მათგანზე. მთავარი ხელშემწყობი გახლავთ გლობალიზაცია (მათ შორის გაადვილებული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა დღევანდელ მსოფლიოში).